თინა კანდელაკი ანჯელინა ჯოლის ჯიბრზე მექსიკაში ჩავიდა და ტექსასის შტატის დაბრუნებას ითხოვს

თინა კანდელაკი ანჯელინა ჯოლის ჯიბრზე მექსიკაში ჩავიდა და ტექსასის შტატის დაბრუნებას ითხოვს

(ირონიუსი!) უკრაინაში ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, ანჯელინა ჯოლის ჩასვლამ, როგორც იცით, ძალიან გააღიზიანა რუსეთში გადახვეწილი ყოფილი ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი. მისი განცხადებით, უკრაინაში ანჯელინას დანახვამ გული აურია. მედიის და საზოგადოების ყურადღებაც სწორედ ამ განცხადებამ მიიქცია. თუმცა, ჩვენმა გამომძიებელ ჟურნალისტმა ჯოგმა, მაინც კანდელაკის სხვა განცხადებაზე გააკეთა აქცენტი. „ანჯელინამ მიხედოს თავის ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მიერ ოკუპიორებულ და ანექსირებულ ტერიტორიებსო!“ – მკაცრად განაცხადა თინამ და ჩვენმა ყურდაცქვეტილმა ჟურნალისტ-გამომოძიებელმაც მაშინვე იყნოსა თინას ამ განცხადებაში რაღაც სკანდალური ქვეტექსტი. სწორედაც, თინამ თქვა და შეასრულა! როგორც ჩვენი სანდო წყაროს მამიდაშვილი გვატყობინებს, რადგან ჯოლიმ არ მოიშალა უკრაინაში ვიზიტი, ამის საპასუხოდ და მის ჯიბრზე, თინა კანდელაკი მექსიკაში ჩავიდა და აშშ-ს მიერ მექსიკისთვის წართმეული შტატის – ტექსასის დეოკუპაციას და ძირძველი მექსიკელებისთვის დაბრუნებას ითხოვს. რა შედეგით დასრულდება რამზან კადიროვის ფავორიტი ტელეწამყვანის ეს გაბედული და გმირული ნაბიჯი და რა შეფასებას მისცემს მას მსოფლიო მედია და საზოგადოება, არავინ იცის. არც ისაა ცნობილი, აერია თუ არა გული ანჯელინა ჯოლის თინა კანდელაკის მექსიკაში დანახვაზე… ჯერ-ჯერობით, ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი მექსიკიდან, მხოლოდ იმას გვატყობინებს, რომ დედაქალაქ მეხიკოს აეროპორტში ჩაფრენისთანავე თინა კანდელაკი ყველამ ღლეზე დაიკიდა, მექსიკა-ამერიკის საზღვრამდე მოძრაობისასაც ყველას ღლეზე ეკიდა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ახლაც ყველას ღლეზე ჰკიდია.

თინა და ანჯელინა მამასისხლად გადაეკიდნენ
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *