(ირონიუსი!) როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს 2022 წლის ბოლოს ძალიან სასიხარულო სიურპრიზები ელის. ჩვენმა კრემლის აგენტმა კორესპონდენტმა ყური მოკრა, რომ სქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება! მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა და აქტივისტებმა, გაავრცელეს თეორია იმის შესახებ, რომ საქართველოს სხვადასხვა სახეობის ნაკრებების ბოლოდროინდელი წარმატებები არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა. „პუტინს აწყობს, რომ ქართველი ხალხის ყურადღება სპორტული წარმატებებით სიხარულზე გადაიტანოს, რათა უყურადღებოს დარჩეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში წამების ამბები“ – განაცხადეს „ნაციონალების“ მომხრე პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა. მათი მტკიცებით, ვლადიმერ პუტინმა მოისყიდა ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრებიცა და იტალიის მორაგბეთა ნაკრებიც, რომ მათ მიეცათ თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის, ამით გახარებულ ხალხს კი, მივიწყებოდა პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. მანამდე, ვლადიმერ პუტინმა იგივე მზაკვრული ჩანაფიქრი ფეხბურთში „ერთა თასის“ გათამაშების პერიოდშიც განახორციელა და ამ ტურნირზე საქართველოს მეტოქეებიც მოისყიდა. ასე, რუსული ფულით მიაღწიეს ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას სპორტის სამივე ამ სახეობაში, რამაც განაპირობა მთელი ყურადღების აქეთ გატანა და მიხეილ სააკაშვილი ციხეში წამება ყველას მივიწყდა. სწორედ ამ ყოველივეზე დაყრდნობით გაუჩნდა ჩვენს ცოტა დაქნეულ კორესპონდენტს საფუძვლიანი ეჭვები და დაიწყო ქექვა. ასე გამოიქექა ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავი იმის შესახებ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდება. საქმე ისაა, რომ ეს აქამდე არსებული სპორტული სიხარულების ერთადერთი წონადი გადაფარვაა. ვლადიმერ პუტინს ეშინია, რომ როდესაც ქართველ ხალხს კალათბურთით და რაგბით განცდილი სიხარულები გადაუვლის, მათ ისევ მიშა სააკაშვილი გაახსენდებათ და მის გასათავისუფლებლად ყველა ქართველი თავსაც კი გაწირავს! სწორედ ამიტომ აძლევს ხელს ვლადიმერ პუტინს, რომ კიდევ უფრო გააგიჟოს სიხარულით ქართველები და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადოს. მისი დავალებით კრემლმა უკვე მოისყიდა ყველა და ყველაფერი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და გადაწყვეტილია, რომ პუტინის ხათრით საქართველო წლის ბოლოს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდება. ზოგიერთი სკეპტიკოსი ექსპერტის აზრით, ეგ მაინც ვერ მოხდება, რადგან საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ ვერ მოხვდა, შესაბამისად ვერ გახდება ვერც ჩემპიონი და ვერც უბრალო მონაწილე. თუმცა, ჩვენს გამჭრიახ კორესპონდენტს ეგეც გათვალისწინებული აქვს. მან საიდუმლოდ გაარკვია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე დაურეკა ყატარის მთავრობის წარმომადგენლებსაც და ფიფას ხელმძღვანელობასაც და უთხრა – „მანდ რომ გამდიდრებულხართ ჩინოვნიკები, თუ არ გინდათ საკუთარი თვალით ნახოთ თქვენზე უფრო გამდიდრებული ურანი, მაშინ როგორც გინდათ მოიფიქრეთ და საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვითო!“ ასე რომ ეს პრობლემაც მოგვარებულია და ჩვენი ნაკრები ნოემბერში ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად უკვე ემზადება. ანუ, წლის ბოლოს ქართველებს პუტინის წყალობით ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება გველოდება. პუტინი არის ჩვენი გამხარებელი!