ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, საქართველოსა და უკრაინის ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსანი ხატია დეკანოიძე, ლევან ხაბეიშვილს საჯაროდ მკაცრ შენიშვნას აძლევს. საქმე ეხება პარტიის ახალ არჩეული თავმჯდომარის პირველივე ბრიფინგს, სადაც დავით კეზერაშვილის რჩეულმა ფალავანმა ხაბეიშვილმა ნაციონალური მოძრაობის უმთავრეს მიზნად მათი ბელადის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაასახელა. დანარჩენი ყველაფერი კი, ხაბეიშვილის აზრით, მეორე ხარისხოვანია, ანუ ამ ძირითადი მიზნის მიღმა დგას. ხატია დეკანოიძის აზრით, ახალი თავმჯდომარის ეს განცხადებები არის მისი პირადი შეხედულება და პარტიის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება მსგავსი განცხადებები პარტიის ეგიდით გამართულ ბრიფინგზე გააკეთოს.
„სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირებას, ჯობს, თავი დაანებონ. ზოგადად კი, ამ ტიპის განცხადებები, რაც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან და პარტიის წევრებისგან თანხმობა უნდა ჰქონდეს მიღებული“ – ასეთი მკაცრი ტონით გააკრიტიკა ლევან ხაბეიშვილი მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევისთანავე ხატია დეკანოიძემ და კოლეგების პატივისცემისკენ საჯაროდ მოუწოდა.