(ირონიუსი!) მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ბელგიელი პოლიტიკოსი შარლს მიშელი თბილისში იმყოფებოდა და მისი ვიზიტი ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიციისთვის“ სასურველად არ დასრულდა, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებული მედია საშუალებები
ეჭვით განეწყვნენ მის მიმართ. განა ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა არ განაცხადა – არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ძირს ბიძინა ივანიშვილის დიქტატურაო?! განა ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შარლ მიშელმა საქართველოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას უპირობო გადადგომა და ციხეში ჩასმა არ მოითხოვა?! განა ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ბელგიელმა პოლიტიკოსმა საქართველოს მთავრობას და მთლიანად ხელისუფლებას დედის რაღაცეები არ აგინა და მათ სულ უნიათოები არ ეძახა?! განა ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შარლ მიშელმა სრულიად ქართველ ერს რუსთაველზე გამოსვლისკენ არ მოუწოდა და კარავი არ გაშალა მთავრობის სახლის წინ?! დიახ! ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეჭვს იწვევს და ქართული მედიის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდიც მაშინვე შეუდგა გამოძიებას. სულ მალე, ისინი წყაროზეც გავიდნენ, კერძოდ ბელგიელმა ჟურნალისტმა ელისიონ კილასომ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვობაში ბერა ივანიშვილი და შარლ მიშელის შვილი ერთად რეპავდნენ. ეს მაშინ იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ოჯახით საფრანგეთში ცხოვრობდა და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ბელგიური შოკოლადის დასაგემოვნებლად, ხშირად სტუმრობდა მიშელების ოჯახს ქალაქგარეთ მდებარე ფეშენებელურ აგარაკზე სადაც მუდამ იდგა ბევრი შავი ჯიპები… მოკლედ, გამოძიების დანარჩენი ნაწილი თავადვე შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ფანტაზიით, რადგან გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ფანტაზია შავი ჯიპების იქით ვერ მიდის ხოლმე. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ სადმე ნახალოვკელი კაწროს ჩაკვეხებაც.
წარმატებები ბაკურ!!!