დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა „კოვიდ19“-ის ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობისა და ასაცრელი მიზნობრივი ჯგუფების რიგითობის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს. ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ და ხათუნა ზახაშვილმა საზოგადოებას განუმარტეს, რომ თავდაპირველად უნდა აიცრან ექიმები, ხოლო შემდეგ 75 წლის ასაკს გადაცილებული მოქალაქეები. დასმულ კითხვაზე, თუ როდის დაიწყება სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგთა აცრა, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ეს სწორედ მესამე მიზნობრივი ჯგუფია და შესაბამისად, ისინი ვაქცინაციის მესამე ეტაპზე აიცრებიან. თუმცა ცენტრის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ შესაძლოა, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, ამ მიზნობრივმა ჯგუფმა
რიგით წინ გადმოინაცვლოს და ექიმების შემდეგ, სწორედ პედაგოგების აცრა დაიწყოს. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს ასეც მოხდება და სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგთა ვაქცინაცია დაგეგმილზე ადრე დაიწყება. თუმცა, ამაზე მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა და დისკუსია და შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებენ და გამოაცხადებენ.