ელენე ხოშტარია ნიკა მელიას გუნდს ტოვებს და დასუფთავების სამსახურის ავტოფარეხის დირექტორად ინიშნება

ელენე ხოშტარია ნიკა მელიას გუნდს ტოვებს და დასუფთავების სამსახურის ავტოფარეხის დირექტორად ინიშნება

(ირონიუსი) თბილისის მერის არჩვენების მეორე ტურის წინ, როგორც მოსალოდნელი იყო, სიტუაცია ძალიან დაიძაბა. როგორც იცით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკანორ მელიამ უკვე წარადგინა ის ადამიანები, ვინც მისი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ. თუმცა, არ სძინავს დაპირისპირებულ ბანაკსაც. როგორც ჩვენი სანდო წყაროს მამიდაშვილმა შეგვატყობინა, კახა კალაძემ თავის გარემოცვას დაავალა დაიწყონ ნიკა მელიას მიერ წარდგენილი მომავალი თანამდებობის პირების გადაბირება და ამით არეულობა შეიტანონ ნიკანორის ბანაკში. ჩვენმა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯოგმა ისიც გაარკვია, რომ პირველად ვისი გადაბირებაც კალაძის ხალხმა მოახერხა, მელიას მიერ ვიცე-მერად წარდგენილი ელენე ხოშტარიაა. როგორც გვატყობინებენ, კალაძის ერთ-ერთმა გენიოსმა მრჩეველმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ხოშტარიამ სატელევიზიო კომენტარისას თქვა – „ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მალე თბილისის ვიცე-მერი გავხდები და დიდი ხნის ოცნებას ავისრულებო“. ნეტა რას გულისხმობდა ჰელენი „ოცნების ასრულებაში“? აი, ამას ჩაავლო სწორედ კალაძის გამოცდილმა მრჩეველმა და გაახსენდა, როგორი სიხარულით შეახტა ელენე ხოშტარია ამას წინათ თავისუფლების მოედანზე დასუფთავების სატვირთო ავტომანქანას. მალევე, ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ ე.წ. „ნაგვის მანქანებით“ „კატაობა“ ელენე ხოშტარიას ბავშვობის გატაცება ყოფილა. ის სკოლის მოსწავლეობისას, პლეხანოვზე უსაფრდებოდა ნაგვის მანქანებს, ვორონცოვის მოედანზე შეახტებოდა და ძველ კინოსტუდიასთან ჩამოხტებოდა ხოლმე. მამამისის, გიორგი ხოშტარიას საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, ანუ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროსაც, ელენე იგივე გართობით იყო დაკავებული, ოღონდ უკვე „ნაგვის მანქანებზე“ ჩასაფრება აღარ სჭირდებოდა, რადგან მამამისის რიდით დაუბრკოლებლად უშვებდნენ დასუფთავების ავტოპარკში და ახალგაზრდა ელენე მთელ დღეებს „ნაგვის მანქანებზე“ ჩამოკონწიალებული ატარებდა. როდესაც ეს შეიტყო, კალაძის გამოცდილმა მრჩეველმა ელენე ხოშტარიას შესთავაზა, უარი თქვას ნიკანორ მელიასთან თანამშრომლობაზე და სანაცვლოდ მას კახა კალაძე ახლავე დანიშნავს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ავტოპარკის დირექტორად. ეს ელენეს საშუალებას მისცემს, როცა უნდა, რომლიც უნდა „ნაგვის მანქანა“ გამოაგოროს, ჩამოეკონწიალოს და “იკატაოს” დილიდან დაღამებამდე, ან სულაც გათენებამდე. როგორც ჩვენი გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯოგი გვიმტკიცებს, ეს ელენე ხოშტარიასთავის საკმაოდ მაცდური წინადადება აღმოჩნდა, ოღონდ ის თანხმობის შემთხვევაში დამატებით პირობებსაც ითხოვს. კერძოდ მას სურს, რომ „ნაგვის მანქანით“ კატაობისას, ჰქონდეს შესაძლებობა, რომ ქალაქში რომელ კედელზეც უნდა და რაც უნდა ის მიაჯღაბნოს ფერადი საღებავებით და ხანდახან, როცა ძალიან მოუნდება, პატრულის მანქანის კაპოტზეც გადაკოტრიალდეს ხოლმე. ზოგადად, ხოშტარიას მანქანების კაპოტები ძალიან უყვარს. ალბათ გახსოვთ, სოციალურ

ქეიფი იმას უყვარდა, კაპოტზე სუფრის გაფენა…

ქსელში გავრცელებული მისი ფოტო, როდესაც დაქალებთან ერთად, სწორედ მანქანის კაპოტზე გაშლილ სუფრაზე ქეიფობს. კახა კალაძის მრჩევლის აზრით, ეს მოთხოვნები ელენეს უნდა დაუკმაყოფილონ და ამით პირველი ბზარი შეიტანონ ნიკანორ მელიას გუნდში. სხვათა შორის, ასეთი გენიოსი მრჩევლების ნაკლებობას კალაძე არ განიცდის. ეს სწორედ ის მრჩევლები არიან, ვინც მას თავის დროზე რჩევა მისცა, რომ ტაქსის მძღოლები ეიძულებინათ, ქალაქში ყველა ტაქსი ერთ ფერზე შეეღებათ, რითაც, ფაქტობრივად დააკარგინეს კიდეც კალაძეს პირველივე ტურში არჩევნების მოგების შანსი.

 

 

 

 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *