(ირონიუსი!) რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს სხვა ქალაქები თუ რეგიონები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ რომ ყველას განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც კონკრეტულად დედაქალაქის მერია იზიდავს, ამას წყალი არ გაუვა. კიდევ უფრო გაამძაფრა ეს ყურადღება ოპოზიციის სახელით თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გასულმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელმაც თბილისის თვითმმართველობის ე.წ. „კოალიციური კაბინეტი“ წარმოადგინა. სწორედ ამან გააღიზიანა ქართველი „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მოგეხსენებათ, ე.წ. „მელიას კაბინეტში“, ფაქტობრივად ყველა პარტიის წარმომადგენელია შეყვანილი, თვით ნინო ბურჯანაძის ნულმთელრაღაციანი პარტიისაც, მაგრამ აი, ასეთ ზე-დემოკრატიულ და ჰაი-კოალიციურ მარაზმშიც კი, მაინც არ არის შალვა ნათელაშვილი და არც ერთი „ლეიბორისტი“. ჩვენი სანდო წყაროს მამიდაშვილის სამზარეულოდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ამ ფაქტით გაღიზიანებული ნათელაშვილი ოპოზიციური გაერთიანებიდან გასვლით და მისი ჩამოშლით იმუქრება, თუკი მის პირობებს არ დააკმაყოფილებენ. კერძოდ ნათელაშვილი ითხოვს, რომ ასეთი ფეხებზე დაკიდებისა და შუერაცხყოფის საკომპენსაციოდ, თუკი მას არ არგუნებენ არც ვიცე-მერის, არც თბილისის რომელიმე რაიონის გამგებლის სავარძელს, მაშინ მიანიჭონ მუდმივი საშვი თბილისის
მერიაში. ანუ შალვა ნათელაშვილი ითხოვს, რომ მას როცა გაუსწორდება მაშინ შევიდეს და გამოვიდეს დედაქალაქის მერიის შენობაში, წიხლით შეაღოს ნებისმიერი კაბინეტის კარი, ჩამოუჯდეს გვერდით ვისი მდივანი გოგონაც მოეწონება იმას და წრუპოს მასთან ერთად ყავა. ნათელაშვილის მოთხოვნით, მას უნდა შეეძლოს განუსაზღვრელი ვადით „დაბირჟავება“ მერიის შენობაში და ეს უნდა იყოს მისი ექსკლუზიური უფლება. ასევე, მას სურს, რომ მერიის მისაღებში გადაიტანოს თავისი ფანჩატურიც, ჩამოკიდოს იქ ჰამაკი და რამდენიც უნდა იმდენი იქანაოს. ასევე გამოჟონილი ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ ყველა პირობა დაუკმაყოფილონ შალვა ნათელაშვილს, ოღონდ ერთადერთი – მერიის ფოიეში ქანაობა გადააფიქრებინონ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ძალიან რთული ამბავი იქნება, რადგან „ეგ როგორ უნდა გადამაფიქრებინონ, კაცო, მთელი ცხოვრებაა შექანებული ვარ და სწორედ ქანაობა მისწორდება ყველაზე მეტადო“ – განუცხადებია ნათელაშვილს.