ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფაქტი, რაც ამ დღეებში მოხდა, იყო ის, რომ ე.წ. „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ საპროტესტო აქციების დაწყება არც მეტი არც ნაკლები, 7 ნოემბრისთვის დააანონსა. მოგვიანებით, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გაიაზრეს შესაძლო უხერხულობა და აქციების დაწყების
თარიღი შეცვალეს. თუმცა, იხტიბარს მაინც არ იტეხენ, და ამას არა 2007 წლის 7 ნოემბერთან ასოცირებით, არამედ რაღაც ტექნიკური დეტალებით ხსნიან. მაგალითად, „ნაცების“ ერთ-ერთი ყველაზე უშუბლისძარღვო სახე გიორგი ბარამიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ არც მას და არც მის პოლიტიკურ გუნდს არანაირ უხერხულობას არ შეუქმნიდა საპროტერსტო აქციის 7 ნოემბერს გამართვა. „ჩვენ არანაირად არ გვაკომპლექსებს, რომ ადრე 7 ნოემბრის მოვლენები მოხდა. ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან კავშირში არ არის. წარსულში ჩადენილი შეცდომები არ ცვლის ჩვენს ამოცანებს. იმის გამო, რომ როდესღაც რაღაც დავაშავეთ, ენის მოჩლექით არავის დაველაპარაკებით“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ
პრინციპში, სიმართლე რომ ითქვას, ბარამიძეს ახალი არც არაფერი უთქვამს. ისედაც ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უტიფრობაში ბადალი არ ჰყავთ, არასოდეს არაფერს ნანობენ, არც სინდისი აწუხებთ, არც ნამუსი და ისიც ისედაც ნათელია, რომ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება თუკი მოახერხეს, ენის მოჩლექით ნამდვილად არ დაგველაპარაკებიან.