მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში საიდუმლოდ განსაკუთრებულ სპეც-ბადრაგს და ვანო ჯავახიშვილს ამზადებენ

მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში საიდუმლოდ განსაკუთრებულ სპეც-ბადრაგს და ვანო ჯავახიშვილს ამზადებენ

(ირონიუსი!) რამდენიმე დღის წინ პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ და ცოლმა დაახლოებით იდენტური განცხადებები გააკეთეს. ორივე მათგანმა, გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, განაცხადა, რომ „მიშა არის დათრგუნული და ის ისე გრძნობს თავს, როგორც პატიმარი“.    ეს სენსაციური ცნობა იმის შესახებ, რომ თურმე პატიმარი თავს ისე გრძნობს, როგორც პატიმარი, უმალ მოედო მსოფლიოს და მიშას უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა. რაც მართალია, მართალია, სააკაშვილის ზეობის დროს პატიმრები ნამდვილად არ გრძნობდნენ თავს ისე, როგორც პატიმრები. ისინი, უფრო, ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებად გრძნობდნენ თავს… სხვათა შორის, დათრგუნულებიც არ იყვნენ და უამრავი გასართობი ჰქონდათ, მაგალითად – დილაადრიან ყინულიანი წყალი პირდაპირ „კარმუშკიდან“, მერე ბადრაგის მიერ იატაკზე თრევა, გინებაზე, დამცირებაზე და სხვა საინტერესო რამეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ახლა კი, სააკაშვილი ძალიან დათრგუნულია და ეს ამბავი როგორმე უნდა გამოსწორდეს. ამიტომ, როგორც ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა იქიდან შეგვატყობინა, სპეციალური პენიტენციური სამსახური უკვე ამზადებს განსაკუთრებულ ბადრაგს, რომელიც აითვისებს განსაკუთრებულ უნარებს, თუ როგორ გამოყვანოს მიშა სააკაშვილი დათრგუნული მდგომარეობიდან და როგორ შეუქმნას მას ხალისიანი განწყობა. გარკვეული დეტალები ჩვენთვის უკვე გახდა ცნობილი. კერძოდ, გადაწყვეტილია, რომ მიშა სააკაშვილის განსაკუთრებული ბადრაგის წევრებს არ ეცმევათ სტანდარტული ციხის ბადრაგის ფორმა, რადგან მისი დანახვა სააკაშვილში უარყოფით ემოციებს იწვევს და თრგუნავს მას. მიშას ბადრაგს ჩააცმევენ სხვადასხვა ზღაპრებისა და თუ სახალისო საბავშვო ნაწარმოებების გმირების ფორმებს. მიშას ხან „ელფები“ დაიცავენ, ხან „ქონდრისკაცები“, ხანაც „სანტა კლაუსები“. ეს ბევრად უფრო გაახალისებს ყოფილ პრეზიდენტს და ნაკლებად აგრძნობინებს თავს პატიმრად. ასევე, მიშამ ისევ შიმშილობა რომ არ გამოაცხადოს, ამაზე იზრუნებს განსაკუთრებულად გაწვრთნილი ერთი ბადრაგი, რომელიც კარლსონის ფორმაში იქნება გამოწყობილი. ის მიშას პალატის სახურავზე იცხოვრებს, ყოველ საღამოს ჩაფრინდება ხოლმე მიშასთან და კოვზებით მურაბას აჭმევს, რაც პატიმარ ექსპრეზიდენტს მადასაც გაუხსნის, რომ ბევრი ჭამოს და არ გამოიფიტოს. ჩვენთვის ცნობილი გახდა ასევე ზე-საიდუმლო ინფორმაცია, რომ სპეციალურად სააკაშვილისთვის ამზადებენ მდედრობითი სქესის ბადრაგსაც, რომელიც პეპი გრძელიწინდას ფორმით შევა ხოლმე მიშას საკანში და იქ ძალიან დიდხანს დარჩება, ზოგჯერ, მთელი ღამეც… ეს ამბავი ფრიად გასაიდუმლოებულია და ცდილობენ ლიზა იასკოს ყურამდე არ მივიდეს, თუმცა უკვე გაუგია სოფო ნიჟარაძეს და რა მოხდება და განხორციელდება თუ არა საერთოდ საიდუმლო პროექტი სახელწოდებით „პეპი გრძელიწინდა მიშა მოკლეჭკუისთვის“, ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ შენდება ცალკე ციხე „დათრგუნულებისთვის“. ანუ სპეციალური სამსახური წელიწადში ერთხელ ჩაატარებს ხოლმე გამოკითხვას პატიმრებში და ვინც თავს დათრგუნულად გრძნობს, იმათ ამ ახალ, სპეციალურ ციხეში გადაიყვანენ. ჩვეულებრივ ციხეებში კი, მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც მხიარულად, შინაარსიანად და ხალისიანად ატარებს დროს საპატიმროში.

დაბოლოს, ყველაზე საიდუმლო ვერსიით, სააკაშვილს შეიძლება კამერაში შეუსახლონ ვანო ჯავახიშვილი და მისი ტაკიმასხარები, რაც ყველაზე დიდი „განთრგუნვა“ იქნება და ისინი ისეთი დიდი ხალისით გაატარებენ დროს, რომ შესაძლოა მისჯილ 6 წელიწადზე დამატებაც კი მოთხოვონ.

ისე იხალისებენ, შესაძლოა ექვს წელზე დამატებაც ითხოვონ
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *