ყოფილმა „ვარდების რევოლუციონერმა“ აჭარიდან და ასევე ყოფილმა აჭარელმა „ოცნებელმა“, სკანდალური გამონათქვამებით ცნობილმა მურმან დუმბაძემ ჩვეულებას არ უღალატა და ტელეეთერში ხმაურიანი და სკანდალური განცხადებები გააკეთა. თუმცა, ამჯერად მისი ფრაზები ზოგადად და აბსტრაქტულად სკანდალური კი არ არის, არამედ ისინი ეხება კონკრეტულ პიროვნებებს და მით უფრო სკანდალურია, რამდენადაც ეს ფრზები არც მეტი არც ნაკლები, სრულიად საქართველოს პირველი პირისა და აჭარის ავტონომიის პირველი პირის მამების მიმართ გამოთქმული ბრალდებებია. კონკრეტულად, მურმან დუმბაძე ირაკლი ღარიბაშვილის მამას მიშა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანების დატერორებაში ადანაშაულებს, ხოლო თორნიკე რიჟვაძის მამას, იმას პერიოდში ხალხის დარბევასა და ცემა-ტყეპაში სდებს ბრალს.
„იცით თქვენ ვინ იყო ტარიელ ღარიბაშვილი? მიშას დროს ის რაიონის გამგებელი იყო და ატერორებდა ყველას, ვინც ხუთიანს არ შემოხაზავდა! ბათუმში გამართული ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია ვინ დაარბია იცით? თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, რომელიც მიშას დროს პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და ხალხის ცემა-ტყეპა იყო მისი ხელობა“ – აცხადებს მურმან დუმბაძე. (ნახეთ ვიდეო)