ხვიჩა კვარაცხელიას „დაძინების“ ჟესტი გოლის გატანის შემდეგ, თურმე ვახო სანაიას ეძღვნება

ხვიჩა კვარაცხელიას „დაძინების“ ჟესტი გოლის გატანის შემდეგ, თურმე ვახო სანაიას ეძღვნება

(ირონიუსი!) დიდი ხანი ცდილობდა სპორტული სამყარო გაერკვია თუ რას ნიშნავდა ფეხბურთის ახალი ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი, გოლის გატანის შემდეგ. ის, მოგეხსენებათ, რამდენიმე ჟესტს იყენებს ხოლმე ასეთ დროს, მაგრამ მათგან უმეტესობა, იოლი ასახსნელია. მხოლოდ ერთმა გაუჩინა თავსატეხი სპეციალისტებს – ჟესტმა, რომლითაც კვარაცხელია „დაძინებას“ გამოხატავდა. რა საერთო უნდა ჰქონდეს გოლის გატანის ფაქტთან ძილს? გაოგნებული კითხულობდნენ ექპერტები, ვიდრე უფრო ყურადღებით არ მოუსმინეს ტელეწამყვან ვახო სანაიას კომენტარს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. „მე მას არასოდეს ვუგულშემატკივრებ. მან არ დაგმო რუსეთი. მისი თამაშების დროს სტადიონზე თუ ვიქნები აუცილებლად დავუსტვენ! თუ შინ ვიქნები ტელევიზორს გამოვრთავ და დავიძინებ!“ – განაცხადა ვახო სანაიამ. სწორედ აქ გაიხსნა კვანძიც. ფაქტია, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ძალიან იმოქმედა სანაიას ამ სიტყვებმა და როგორც კი ის გოლს გაიტანს, ტრიბუნებთან მიირბენს ხოლმე და ვახოს ეძებს თვალებით, სადმე იქ ხომ არ არის და ხომ არ მიფშტვენსო! მაგრამ როცა იქ თვალს ვერ მოკრავს, „დაძინების“ ჟესტს აკეთებს, იმის ნიშნად, რომ რა აზრი აქვს ან ამ გოლს და ან საერთოდ ცხოვრებას, როდესაც ვახო სანაიას ძინავს და არ მიყურებსო. აი, ასე იტანჯება თურმე ხვიჩა კვარაცხელია და როგორც შეგვატყობინეს, მან უკვე მიმართა ფსიქოლოგებს რჩევისთვის. ასევე, კვარაცხელიას ახლობლები ეძებენ ადამიანს, რომელიც შეძლებს, რომ ხვიჩას თამაშების დროს სანაიას ტელევიზორი ჩართული დაატოვებინოს, რათა ხვიჩა კვარაცხელიამ საბოლოოდ არ ჩაიქნიოს ხელი ყველაფერზე და ფეხბურთიდან საერთოდაც წასვლა არ გადაწყვიტოს.

ხვიჩა ჯერ ტრიბუნებზე ეძებს ვახოის და შემდეგ “იძინებს”
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *