საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტმა საქართველოს პარლამენტში არაერთი თემა წამოწია წინა პლანზე. თუმცა, ჩვენ ამჯერად გვინდა ყურადღება მივაქციოთ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის ერთ უპასუხისმგებლო გამოხტომას, რომელიც ამასთანავე უვიცობის მანიშნებელიცაა. თავის დემაგოგიურ და ინტრიგნულ, ყალბი „პატრიოტიზმით“ გამორჩეულ გამოსვლაში, იაფფასიანმა პოპულისტმა ელისაშვილმა, სხვა პოპულისტურ განცხადებებს შორის ასეთი ფრაზაც თქვა – „ჩემთვის ყველა რუსი ერთია. ყველა იმპერიალისტია. თქვენ, ბატონო ირაკლი, ხართ პრემიერ-მინისტრი და გაქვთ უფლებამოსილება, ხელი მოკიდოთ და გააბრძანოთ თავის რუსეთში ისინი!“. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ ფრაზაზე, თავის შემაჯამებელ გამოსვლაში ღარიბაშვილს არც ყურადღება გაუმახვილებია და არც უპასუხია. თუმცა აშკარად საინტერესოა, სად წაიკითხა დეპუტატმა ელისაშვილმა, რომ თურმე, საქართველოს მთავრობის მეთაურს აქვს ოფიციალური უფლებამოსილება, საზღვარზე კანონის და წესის სრული დაცვით გადმოსულ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ქეჩოში ხელი წაავლოს და „უკან მიაბრძანოს“? რომელ კანონსა თუ ნორმატიულ აქტში წერია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასეთი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი? რას ბოდავს ბატონი დეპუტატი? სხვა საქმეა, თუ ვინმე მოითხოვს, რომ რუსეთის, როგორც მტერი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესდეთ ვიზებით შემოსვლა საქართველოში და მათთვის უვიზო მიმოსვლა გაუქმდეს. ან სულაც ვიზითაც კი აეკრძალოთ შემოსვლა. ეს კი ბატონო, მაგრამ კანონიერად შემოსული მოქალაქის „გაპანღურების“ უფლებამოსილება – ასეთი განსაზღვრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის იურისპრუდენციაში არის? ელისაშვილს, რა თქმა უნდა, სულ უპასუხისმგებლო ფეხებზე ჰკიდია, მართლაც რომ გაგიჟდეს ღარიბაშვილი და აქედან რუსების გაპანღურება დაიწყოს, მაშინ რა მოუვა იმ მილიონ ქართველს, რუსეთში რომ შოულობენ ლუკმა პურს? თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზს უფრო იმას ვუსვამთ, რომ უპასუხისმგებლობასთან ერთად, დეპუტატი ელისაშვილი აბსოლუტურ უწიგნურობას, უვიცობას და უტვინობასაც ამჟღავნებს.
