უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში 1 პროცენტიან ბარიერ ვერგადალახული პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თავის რეალურ კონკურენტად არ მიიჩნევს. ასე განუცხადა მან ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს, თუმცა დასძინა, რომ კონკურენტად არ მიიჩნევს ჯერ-ჯერობით. „პოლიტიკოსი ჩემს კონკურენტად რომ ჩავთვალო, მან ჯერ პარტია უნდა შექმნას, დაამტკიცოს რომ ნამდვილად ოპოზიციონერია და გვანახოს ვინ ეყოლება გვერდით. მზოლოდ შემდეგ შეიძლება ჩავთვალო გახარია ჩემს კონკურენტად, ან არ ჩავთვალო“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ვერ გეტყვით, გიორგი გახარიას მიზნებში რამდენად შედის ის, რომ ერთ პროცენტ ვერგადალახული პოლიტიკური ლიდერის კონკურენტი იყოს. რეალურად, მის მიერ გაკეთებული განცხადებები და სოციალურ ქსელში მის მიერ დადებული ამბიციური პოსტები სხვა რამეზე მიუთითებს. თუმცა, სხვა არის „ფეისბუქ-ქარიშხალი“ და სხვა რეალობა. ემანდ, მართლა არ უყივლოს ენამ „ანზოროვნას“ და ჩვენი ყოფილი „ყველაზე პოპულარული“ პრემიერი, საბოლოოდ მართლა მხოლოდ ბურჯანაძის კონკურენტებში არ აღმოჩნდეს – დღეს საქართველოში პოლიტიკური სივრცე იმდენად „სრიალაა“, არავისი მოცურება აღარ უნდა გაგვიკვირდეს.