ამერიკის სენატის კომიტეტის ქვეკომიტეტმა – ნიკა მელიას კი ეკუთვნის თავისუფლება, მაგრამ, არ ეკუთვნისო…

ამერიკის სენატის კომიტეტის ქვეკომიტეტმა – ნიკა მელიას კი ეკუთვნის თავისუფლება, მაგრამ, არ ეკუთვნისო…

(ირონიუსი!) მთელი საქართველო რომ გულის ფანცქალითა და რომელიღაცა ადგილის ცახცახით ელოდა 23 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, შესაბამისი კომიტეტის ქვეკომიტეტის სხდომას – ეს რა თქმა უნდა უპირობოდ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის სრულ სუვერენინეტზე, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე!

კიდევ უფრო გვიმტკიცებს ამ რწმენას ის, რომ ჩვენი ქვეყნის როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ლიდერებისთვის ლამის კანონის ძალა აქვს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის სიტყვასა და მოსაზრებას. სხვათა შორის, ეს ყოველივე ამ თანაშემწესაც, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯორჯ კენტსაც შესანიშნავად მოეხსენება, რაც სენატის ქვეკომიტეტის წინაშე მისმა გამოსვლამაც ბრწყინვალედ ასახა.

„მთავარი ოპოზოციური ძალის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება იყო სახიფათო მომენტი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის, ამან ქვეყანა ნატოს დააშორა და ეს იყო ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის“

„ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, როდესაც მან სასამართლოს სანქციით დაწესებული ელექტრონული კონტროლის სამაჯური მოიხსნა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ლიდერმა პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას. სწორედ ეს არის დემოკრატიის ყველაზე ძირითადი ღირებულება და პრინციპი“

როგორ გგონიათ, ეს ორი ციტატა ორ, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ მოკამათეს ეკუთვნის? სულაც არა.

ეს ორივე ფრაზა თავადვე წარმოთქვა ბატონმა კენტმა თავისივე სიტყვაში და ამ ორ ციტატას შორის დროში სხვაობა, მაქსიმუმ 15 წუთი იყო.

ეს ორივე ფრაზა თავადვე წარმოთქვა ბატონმა კენტმა თავისისივე სიტყვაში და ამ ორ ციტატას შორის დროში სხვაობა, მაქსიმუმ 15 წუთი იყო.

მაშ ასე, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო თუკი მას სურს ნატოში ინტეგრირება და დემოკრატიული ღირებულებების განუხრელი დაცვა? როგორ და – ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიჭიროთ მელია, რომელიც აუცილებლად უნდა დავიჭიროთ!

ამიტომაც არის ახლა თბილისში ატეხილი ორივე მხარეს სიხარულის ჟივჟივი! ერთნი გაიძახიან – „ნახეთ, რა თქვა სენატის კომიტეტის ქვეკომიტეტის სხდომაზე მდივნის მოადგილის თანაშემწემო?“ – და პირველ ციტატაზე მიუთითებენ… მეორენი ამაყობენ – „შეხედეთ რა თქვა სენატის კომიტეტის ქვეკომიტეტის სხდომაზე მდივნის მოადგილის თანაშემწემო?“ – და მეორე ციტატას აფრიალებენ.

არადა, უბედურებაც სწორედ ეგაა, რომ ორივე ეს ფრაზა მართლა მდივნის მოადგილის თანაშემწეს ეკუთვნის და ის მან ერთი და იმავე დროსა და სივრცეში – სენატის კომიტეტის ქვეკომიტეტის სხდომაზე წარმოთქვა… ხომ გახსოვთ ისა – „დალოცვილი ქრისტე ღმერთი ქვეყანაზე იარება, იმისაგან ცოდვა მადლი ამ სასწორით იწონება… პატარძალი? კი გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო…“

დიახ, დიახ, იმ ფილმზე გეუბნებით, თავის დროზე საბჭოთა დიქტატით რომ გადავიღეთ ქართველებმა და ახლა, ამ სტატიაში მისი გახსენება „რუსულმა რბილმა ძალამ“ რომ მაიძულა…

ავაჰმე, გიჟუავ! რაც გვინახავს, კიდევ როდემდე ვნახავთ?

 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *