შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ბედი მხოლოდ იმათ უნდა გადაწყვიტონ,  ვისაც ფულს მიშა აძლევს

შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ბედი მხოლოდ იმათ უნდა გადაწყვიტონ, ვისაც ფულს მიშა აძლევს

მხოლოდ „ნაცებს“ და მათთან ერთად „დაფანჩატურებულებს“ აქვთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური და საარჩევნო საკითხების გადაწყვეტის უფლება

(ირონიუსი!) ქართველი ლეიბორისტების ლიდერმა, როგორც ყოველთვის, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. საკითხი ამჯერად პარტიებისა და არასამთავრობოების დაფინანსებას ეხება. კერძოდ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური და საარჩევნო საკითხების გადაწყვეტის უფლება არ უნდა ჰქონდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ისინი „ეშმაკმა უწყის საიდან ფინანსდებიან“.

ნათელშვილის ამ ნათქვამიდან, ლოგიკურად გამომდინარეობს ის, რომ პოლიტიკური და საარჩევნო საკითხების გადაწყვეტის უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმათ, ვისაც ვიცით ვინც აფინანსებს. საქართველოში, გარდა იმათი, ვინც „ეშმაკმა უწყოს საიდან ფინანსდებიან“ ფულს კიდევ მხოლოდ ორი ძირითადი პერსონა იძლევა (ვინც ვიცით!) პოლიტიკური ან/და საარჩევნო მიზნებისთვის, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი და მიშა სააკაშვილი.

პირველს რაც შეეხება, შალვა ნათელაშვილის აზრი ამაზეც ვიცით – ის მუდამ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი და მისგან დაფინანსებული „ქართული ოცნება“ და სხვა „სატელიტი“ პარტიები, არიან იგივე რუსეთიდან, ანუ მტრისგან და ოკუპანტისგან დაფინანსებულები. აქედან გამომდინარე, არც მათ უნდა ჰქონდეთ საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება.

ლოგიკურად ვინღა დარჩა? ვინ და მხოლოდ ისინი, ვისაც ფულს მიშა სააკაშვილი აძლევს. მხოლოდ „ნაცებს“ და მათთან ერთად „დაფანჩატურებულებს“ აქვთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური და საარჩევნო საკითხების გადაწყვეტის უფლება – აი, ასეთი გამჭრიახი კაცია ბატონი შალვა და აი, ასე „დიპლომატიური ენით“ გვეუბნება სათქმელს – საქართველოში მხოლოდ იმათმა უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი, ვისაც ფულს მიშა აძლევს, ანუ, პირველ რიგში თავად შალვა ნათელაშვილმა!

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *