(ირონიუსი!) რა თქმა უნდა, სრულიად ქართულ მედიაჭიქაში ატეხილ ქარიშხალს ჩვენი გადარეული კორესპონდენტიც აჰყვა და მოვლენების ეპიცენტრში თავქუდმოგლეჯილი შევარდა! განსაკუთრებული ინსპირაცია მასზე მოახდინა ერთ-ერთი ქართული ტელეარხის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა, სადაც პანსიონიდან გამოყვანილ ბავშვებს ჟურნალისტი საოცრად ბრძნულ კითხვას უსვამდა – „პანსიონი უფრო გიყვარს თუ დედა?“. შედეგი გამაოგნებელი იყო – ბავშვების 100-მა პროცენტმა უპასუხა – „დედა“! რაღა თქმა უნდა, იმ არხის ჟურნალისტი მაყურებელს გამარჯვებული სახით მოუბრუნდა და აუწყა – „აი, ასეთია ბავშვების პოზიცია. მათ დააფიქსირეს, რომ პანსიონი არ უყვართ და იქ მათ საშინელ პირობებში აცხოვრებენ, ამიტომ დედა ურჩევნიათ!“. აბა, პანსიონში რომ ნორმალური და კარგი პირობები იყოს, ბავშვებს დედა ერჩივნებოდათ? არავითარ შემთხვევაში. ამ დასკვნებს თავის კომენტარებში მთელი მონდომებით დაუჭირა მხარი სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც. ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვს დედა
კანფეტს მაშინ ურჩევნია, თუკი კანფეტი უხარისხოა. აბა, კარგ, გემრიელ და ტკბილ კანფეტებს თუ შესთავაზებ, რომელი ნორმალური ბავშვი აირჩევს დედას? აი, ასეთი აღმოჩენებით გულმოცემული ჩვენი დაქნეული კორესპონდენტი, იმ წამს გავარდა პანსიონიდან წამოყვანილ ბავშვებთან და ნახსენები ტელეარხის ჟურნალისტისთვის რომ გადაეჯოკრა, ბავშვებს პირდაპირ აჯახა – „დედა უფრო გიყვართ თუ მეუფე სპირიდონიო?“ – ბავშვებმა ერთხმად „დედა“ უპასუხეს! „აი, ასეთი
ცუდი კაცია მეუფე სპირიდონი და ის ბავშვებს არ უყვართო!“ – შესძახა ჩვენმა გადარეულმა კორესპონდენტმა და გაეშურა იმის გასარკვევად კიდევ რა არ უყვართ ბავშვებს. სამწუხაროდ, ჩვენს გაშტერებულ კორესპონდენტს დავიწყდა ბავშვებისთვის ეკითხა „დედა უფრო გიყვართ თუ სახალხო დამცველიო?“, ან ამ კითხვის დასმას საერთოდაც არც აპირებდა. სამაგიეროდ, გარდა ცნობილი კითხვისა – „დედა უფრო გიყვარს თუ ნაყინი“, მან ბავშვებს დაუსვა შემდეგი კითხვები – „დედა უფრო გიყვარს თუ ხინკალი?“ „დედა უფრო გიყვარს თუ რონალდო?“ „დედა უფრო გიყვარს თუ ზოოპარკი?“ „დედა უფრო გიყვარს თუ კაი გაშვანშვალებული ჯი კლასის მერსედესი?“ და ყველა ამ კითხვაზე ბავშვებმა მაინც „დედა“ უპასუხეს! ხედავთ? ამ პანსიონში საწყალ ბავშვებს ისე დაუმახინჯეს გონება რომ ყველაფერზე „დედა“ „დედა“!-ო გაიძახიან… ახლა ჩვენი გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ატარებს სეპციალურ გამოძიებას რათა დაადგინოს, რა არის ბოლო-ბოლო ასეთი ეს „დედა“? ამ კითხვაზე პასუხს გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი იქითა კვირის შვაში შემოგთავაზებთ!