გიორგი გახარია ამბობს, რომ მას სიტყვა „გაექცა“, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემუქრა – „დაგასრულებთო“!

გიორგი გახარია ამბობს, რომ მას სიტყვა „გაექცა“, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემუქრა – „დაგასრულებთო“!

ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რომ არნახული რეიტინგი ჰქონდა ხალხში, ამას მისი მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ. თუმცა რა დაემართება გახარიას რეიტინგს მისი ბოლოდროინდელი საქციელების და განცხადებების გამო, ამის წინასწარმეტყველებაც სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ყოფილმა პრემიერმა მომხრეების საკმაო ნაწილი უკვე დაკარგა, როდესაც სრულიად უადგილოდ და უდროო დროს გადადგა თანამდებობიდან, თანაც, ამის მიზეზად „ნაციონალების“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრების საკითხი დაასახელა. ამჯერად, გიორგი გახარიამ უკვე ინგა გრიგოლიასთან ეთერში თქვა ისეთი რამ, რაც მისი, როგორც „ნაცებთან მედგარი მებრძოლის“ იმიჯს კიდევ უფრო ასამარებს. „მე როცა ვთქვი სიტყვა – დაგასრულებთ, ეს იყო ჩემი შეცდომა, გამექცა“ – ასე უპასუხა გახარიამ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ უთავსდება ერთმანეთს მისი ლოზუნგი „გავერთიანდეთ საქართველოსთვის არავის წინააღმდეგ“ მის ძველ სულისკვეთებას, რომ მან „ნაცები უნდა დაასრულოს“.

როგორც ხედავთ, გახარიამ „ნაცების დასრულების“ სურვილი უბრალოდ „სიტყვის გაცქევას“ დააბრალა და აღიარა, რომ მას რეალურად არც არასოდეს ჰქონია ასეთი სურვილი.

არადა პრემიერის მაშინდელმა საპარლამენტო გამოსვლამ, როდესაც მან „ნაცებს“ და პირადად გიგა ბოკერიას მიმართა – „მე თქვენ დაგასრულებთ“ – გახარიას ყველაზე მეტად აუმაღლა რეიტინგი. სწორედ ამის გამო აქებდა და ადიდებდა მას ბევრი. გასაკვირია, რომ იგივე ადამიანების ნაწილი, ვინც მაშინ „ნაცების დამსრულებელ“  გახარიას ეთაყვანებოდა, ახლა პოლარიზაციის „დამსრულებელ“ გახარიასაც ეთაყვანება. ანუ, გამოდის, ისინი რაიმე იდეას კი არ უჭერენ მხარს, რასაც მათ აზრით გახარია განასახიერებს, არამედ მათთვის გიორგი გახარია უბრალოდ კუმირია, რომელსაც მაშინაც დაუჭერენ მხარს, თუ „ნაცებს“ დაასრულებს და მაშინაც, თუკი პირიქით – ჩაეხუტება მათ.

სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ გახარია თავის ყოფილ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც შეიძლება შევადაროთ. აკი, რამდენიმე წლის წინ, ივანიშვილმაც „წამოცდენას“ მიაწერა მისი ის გამონათქვამები, რაზეც მოგვიანებით ჟურნალისტებმა მოსთხოვეს პასუხი. როგორც ჩანს ქართულ პოლიტიკაში სიტყვების „წამოცდენებისა“ და „გაქცევების“ ეტაპი კიდევ დიდხანს გარძელდება.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *