კრიშტიანუ რონალდუ ტელეკომპანია „ფორმულას“ სპორტულ კომენტატორად იმუშავებს, მისი უშუალო უფროსი მიშა მშვილდაძე იქნება!

კრიშტიანუ რონალდუ ტელეკომპანია „ფორმულას“ სპორტულ კომენტატორად იმუშავებს, მისი უშუალო უფროსი მიშა მშვილდაძე იქნება!

იქნებ, როგორმე, ნანუკას სასჯელი მაინც ამარიდოთო…

(ირონიუსი!) უცხოური მედიასაშუალებები უკვე თითქმის დაბეჯითებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ საქართველოში უნდა ჩავიდეს და იქაურ ტელეკომპანიას პირობებზე მოელაპარაკოს. ამ ინფორმაციით ძალიან დაინტერესდა ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი და რა თქმა უნდა გაარკვია კიდეც რა ხდება სინამდვილეში. როგორც ჩანს, მსოფლიოს და ევროპის რეკორდსმენი არაერთი საფეხბურთო მიღწევით, პორტუგალიელი კრიშტიანუ საქართველოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი ჩინოსნის დავით კეზერაშვილის მითითებით და დავალებით ჩამოდის. დიახ, დავალებით, რადგან რონალდუმ მაგრად მიჰქარა და პასუხიც უნდა აგოს! კერძოდ, საუბარია პორტუგალიელის იმ გაუგონარ უხამს საქციელზე, როდესაც პრესკონფერენციაზე მანდ „კოკა-კოლას“ ბოთლები გვერდზე გადადგა და იქ მყოფებს მოუწოდა – ჩვეულებრივი წყალი დალიეთო. როგორც ცნობილია, ამის მხილველ „კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას“ დირექტორ თემურ ჭყონიას ლამის გული წაუვიდა და სოციალური ქსელებით კრიშტიანუ რონალდუს ლანძღვა-გინება მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ „კოკა-კოლას“ ცენტრალურ ოფისს მომხდარ ფაქტზე დიდად მძაფრი რეაქცია არ ჰქონია, „კოკას“ ქართული წარმომადგენლობის უფროსმა მაინც გამოავლინა ქაჯობა და ერთი ამბავი ატეხა. მოგვიანებით, შესაძლოა, ინანა კიდეც ასეთი აჩქარება, მაგრამ რადგან რონალდუს მიმართ „ხეპრე პორტუგალიელი“ და სხვა სულელური განცხადებები უკვე გაკეთებული ჰქონდა, მარტო დარჩენილ სულელად რომ არ წარმოჩენილიყო, დახმარება თავის ცნობილ „შნირებს“ მიშა მშვილდაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანს და სხვებს სთხოვა. მათაც არ დააყოვნეს და უმალ გააკეთეს შეფის და დამფინანსებლის მხარდასაჭერი განცხადებები, მიშა მშვილდაძემ კი რონალდუს სულაც კარიერის უბანძეს გუნდებში დასრულება უწინასწარმეტყველა, ხოლო „კოკა-კოლას“ მოუწოდა პორტუგალიელისთვის იმხელა ჯარიმა დაედოთ, რომ ცხოვრების ბოლომდე ვერ გადაიხადოს! ხოლო, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა – ძალიან გამიკვირდება „კოკა-კოლამ“ ეს რომ არ გააკეთოსო! როგორც ჩანს, რადგან „კოკას“ ცენტრალური ოფისი ამდენად უნიათოა, მშვილდაძის ამ მოწოდებას პირადად თემურ ჭყონია შეასრულებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის, დავით კეზერაშვილის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ტელევიზიის „ფორმულას“ მეშვეობით. უკვე გადაწყვეტილია, რომ რონალდუ, თავისი დანაშაულის გამოსასყიდად და იმისთვის, რომ პირადად თემურ ჭყონიასგან დაკისრებული ფინანსური ჯარიმა „კოკა-კოლას“ შეურაცხყოფისთვის, საკუთარი ხელფასით ზღოს, „ტვ ფორმულაზე“ სპორტულ კომენტატორად იმუშავებს! მისი უშუალო უფროსი იქნება მიშა მშვილდაძე და კრიშტიანუ სასჯელის სახით, ყოველ დღე, შესვენებაზე, ორ ბოთლ „კოკა-კოლას“ მოურბენინებს მარკეტიდან და მაგიდაზე დაუდგამს. რონალდუს სამუშაო ოთახში ჩამოკიდებული იქნება თემურ ჭყონიას პორტრეტი. ხოლო ყოველი დღის ბოლოს მასთან შევა ნანულა ჟორჟლიანი და ჩვეულ სიჩერჩეტეებს ელაპარაკება 2 საათის განმავლობაში. ვერ გეტყვით რონალდუ როდემდე გაუძლებს ასეთ უმკაცრეს სასჯელებს, მაგრამ როგორც გავიგეთ, ის საქართველოში იმ მიზნით ჩამოდის, რომ „ფორმულას“ წარმომადგენლებს სთხოვოს – კაი, სხვა ყველაფერი ჯანდაბას, ავიტან, მაგრამ, აი ეს, ნანუკას სასჯელი, იქნებ როგორმე ამარიდოთო.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *