
პარლამენტში გამოსვლისას, „ძველი გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა ქართული ეკნომიკის პრობლემებზე დაწვრილებით ისაუბრა. უფრო ზუსტად, თავად ეგონა ასე, სინამდვილეში კი, როგორც „გირჩელებს“ სჩვევიათ ხოლმე, ღმერთმა უწყის რა იბოდიალა. მართალია, როგორც წესი, ფურცლებზე ჩამოწიკწიკებული რაღაც ციფრები აფრიალა და ამდენი მილიონი და იმდენი მილიარდიო, იძახა, მაგრამ მაგ ციფრებს საიდან თვლიან ხოლმე „გირჩელები“ ჯერ ვერც ერთი სფეროს ვერც ერთმა ექსპერტმა ვერ დაადგინა. ყველაზე საინტერესო მეგრელიშვილის გამოსვლაში მაინც ის იყო, რომ მან პარლამენტში სტუმრად მყოფ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მოუწოდა გამოაცხადოს საქართველოში არსებული უძველესი ისტორიული ციხე-სიმაგრეების პრივატიზაცია. მისი თქმით, შესყიდულ ციხე-სიმაგრეებში დაინტერესებული უცხოელი ინვესტორები საკმაო თანხებს გადაიხდიან, რაც ჩვცენს ქვეყანას გაამდიდრებს. „საქართველოში ბავშვები მათ დაბადებამდე არსებული ვალებით კი არ უნდა იბადებოდნენ, არამედ მათ დაბადებისთანავე უნდა დახვდეთ მდიდარი სახელმწიფო“ – განაცხადა მეგრელიშვილმა. როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ე.წ. „კონსერვატიულ ძალებს“ ესეც ძალიან საინტერესოა. აკი, ჯერ ქართული უბრალოდ სასოფლო-სამეურნეო ან კიდევ საკარმიდამო მიწის გაყიდვა-არგაყიდვაზე დავა და გაწამაწიაც არ დამთავრებულა და აგერ, „გირჩი“ უცებ უძველესი ციხე-სიმაგრეების გაყიდვასაც ითხოვს. ნეტავ, ვინ იყიდის ქართლში მდებარე ერთ ძალიან ცნობილ ციხეს, ძალიან ცნობილი სკაბრეზული სახელწოდებით?