ნინო ბურჯანაძეს ლონდონში სამუშაოდ იწვევენ, თუმცა “ქართველი ტეტჩერი” კატეგორიულ უარზეა!

ნინო ბურჯანაძეს ლონდონში სამუშაოდ იწვევენ, თუმცა “ქართველი ტეტჩერი” კატეგორიულ უარზეა!

ლონდონის მერობას ჩუმლაყის გამგებლობა მირჩევნია!

(ირონიუსი!) თავმდაბლობა რომ ადამიანს ამშევენებს ეს ძალიან ძველი გამოთქმაა, თუმცა, ალბათ, არც ისეთი ზედმეტი თავმდაბლობა და მორიდებულობა ვარგა, რის მაგალითსაც უკვე წლებია ქართულ საზოგადოებას ნინო ბურჯანაძე აჩვენებს. ასეთი რანგის, დონის, დოზის და გაქანების პოლიტიკოსი, ჯერაც საქართველოშია და როგორც ჩანს, არც აპირებს სამშობლოს გაწირვას და უპატრონოდ მიტოვებას. ბურჯანაძის ამ თავგანწირვის დამადასტურებელი არგუმენტი მოიპოვა კიდეც ჩვენმა დაქნეულმა კორესპონდენტმა. კერძოდ, მან ყურადღება მიაქცია ნინო ბურჯანაძის უაღრესად თავმდაბალ განცხადებას, როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას საქართველოში სამიოდე თვეში გასამართ ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში. „რას მთავაზობთ? ქუთაისის მერად წამოვაყენო ჩემი კანდიდატურა თუ ჭიათურის?“ – ასე უპასუხა ნინო ბიურჯანაძემ, რაც უმალ აიტაცეს საინფორმაციო სააგენტოებმა და ზოგმა უმადურმა ამის გამო ბურჯანაძის გაკრიტიკებაც კი გაბედა. სინამდვილეში, აბა დაუკვირდით, რამხელა უბრალოებაა მის ამ განცახდებაში – სადაც შემომთავაზებთ, მზად ვარ სამშობლოს ვემსახუროო! – რეალურად ამას გვეუბნება ეს დიდბუნებოვანი ქალბატონი. თუმცა, უმადურთა ასეთი რეაქცია ბუნებრივიცაა, რადგან საზოგადოებამ არ იცის, სინამდვილეში რას მალავს ნინო ბურჯანაძე. სწორედ ეს ინფორმაცია მოიპოვა ჩვენმა დაქნეულმა კორესპონდენტმა. მან დაადგინა, რომ ბურჯანაძემ ქუთაისი და ჭიათურა აგდებულად კი არა, როგორც მას ზოგი აბრალებს, არამედ გულდაწყვეტით მოიხსენია, რადგან მას უკვე დიდი ხასნია სთავაზობენ მანჩესტერის, ლივერპულის, საუთჰემპტონის და თვით ლონდონის მერობასაც კი! მოკლედ, ბრიტანეთის პრემიერს და დედოფალს უთქვამთ, თუკი „ქართველი ტეტჩერი“ ინებებს, თავად დაადოს ხელი და რომელი ქალაქის მერადაც უნდა, იმ ქალაქის მერად დავსვამთო! აკი, ეს ზედმეტსახელიც, „ქართველი ტეტჩერი“ ნინო ბურჯანაძეს ინგლისელმა ხალხმა შეარქვა, თუმცა თავად არასოდეს აღნიშნავს ამას. ჩვენ ისიც დავადგინეთ, რომ ინგლისის დედოფალთან კერძო საუბარში ნინო ბურჯანაძეს გულდაწყვეტით უთქვამს – „ქართველები ჭიათურის მერადაც არ მირჩევენ, მაგრამ არა უშავს, ბოდიშის მოხდით, მაინც უარი უნდა ვთქვა თქვენს წინადადებაზე, რადგან ჩემს სამშობლოში ჩუმლაყის გამგებლობაც კი მირჩევნია, უცხო ქვეყანაში, ლონდონის და გინდაც ნიუ-იორკის მერობასო!“.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *