ტელეკომპანია „იმედის“ სრულიად უაზრო ფორმატის გადაცემაში „ნოესთან“ ამჯერად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ვიხილეთ. საკმაოდ უინტერესო და არაფრისმომცემ ინტერვიუში, ყველაზე საყურადღებო ის მომენტი იყო, როდესაც ჯერ წამყვანმა და შემდეგ სტუმარმა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მლიქვნელობის მასტერკლასი ჩაატარეს. წამყვანის უკიდურესად მლიქვნელურ კითხვას ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:- „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან ჩვენთვის, მთელი გუნდისთვის იყო ძალიან რთული. ბატონი ბიძინას რესურსი იყო სრულიად გამორჩეული, გარდა იმისა, რომ არის უდიდესი ქველმოქმედი, მას ასევე ჰქონდა უდიდესი პოლიტიკური რესურსი, ის იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა, შვიდი-რვა სვლა წინასწარ ჰქონდა გათვლილი“ – ასეთი ვაზელინური ხოტბის შემდეგ, ყველაზე კომიკური ის იყო, რომ კობახიძემ ბიძინას წასვლის შემდეგ პარტიული კრიზისი დაძლევაც ისევ ბიძინას დამსახურებად მიიჩნია. „ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ დიდი სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“ – ეს ფრაზა, ალბათ, პირველ ადგილს დაიკავებდა მსოფლიოს მლიქვნელური ფრაზების ჩემპიონატში. ძალიან სასაცილოა ირაკლი კობახიძის ეს შაფასებაც – „ბიძინა ივანიშვილმა დატოვა სწორად დალაგებული გუნდი“. ეს უკვე თქვენ შეაფასეთ მკითხველო და მაყურებელო, რამდენად შეიძლება ეწოდოს „სწორად დალაგებული“ იმ გუნდს, რომელსაც ივანიშვილის წასვლიდან ორიოდე თქვეში გაექცა ჯერ პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი ათამდე პარლამენტარი და დღეს სწორედ ისინი უქმნიან „ქართულ ოცნებას“ ყველაზე სერიოზულ პრობლემებს.