ერთი შეხედვით, ნინო ბურჯანაძესა და გიორგი გახარიას საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ გარკვეული კუთხით თუ შევხედავთ, ეს ორი „დიადი პოლიტიკოსი“ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პირდაპირ რომ ვთქვათ, მათი „ერთნაირობის“ ხაზგამსმელი მთავარი შტრიხი გაიძვერობაა. ანუ, როდესაც სჭირდებათ, „ბელადი“ და პარტია ყველაზე მაგარია, ხოლო როცა აღარ სჭირდებათ, იქ, იმ ხელისუფლებაში ყველაფერი ცუდად იყო და მხოლოდ თავად გახლდათ ერთდაერთი „თეთრი ყვავი“ მთელ იმ პოლიტიკურ ჭაობში. ამ ორ პოლიტიკოსს მშვიდობიანი საპროტესტი აქციების დარბევაში თანამონაწილეობაც აერთიანებთ. ნინო ბურჯანაძე 2007 წლის 7 ნოემბერს იყო სახელმწიფოს ჯერ მეორე, მოგვიანებით კი, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც პირველი პირი. ხოლო გიორგი გახარია, მოგეხსენებათ, 2019 წლის 20 ივნისის მთავარი შემოქმედია. ამასთან, ორივე მათგანი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ მათი მთავრობაში ყოფნის დროს დარბეული მშვიდობიანი აქცია „დასარბევი“ იყო, ხოლო სხვა ყველა მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერ დაშლას „საშინელებად“ და „დაუშვებლად“ მიიჩნევენ. ნინო ბურჯანაძისთვის 2007 წლის 7 ნოიემბერს „ქართული სახელმწიფო შედგა“, ხოლო გიორგი გახარიას თქმით, 2019 წლის 20 ივნისს „ქართული სახელმწიფო გადარჩა“.
და აი, ამ დღეებში მათ ორივემ გააკეთეს ისეთი განცხადებები, რითიც კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს – „არავინ თქვას, რომ ეს ხელისუფლება
რაიმეთი უკეთესია წინა ხელისუფლებაზე. ესეც ისეთივე მოძალადეა, როგორიც წინა ხელისუფლება იყო“ – ისე აცხადებს ნინო ბურჯანაძე, გეგონება იმ მოძალადე წინა ხელისუფლების დროს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდებნტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი (ორჯერ) მე ვიყავი… მას არც გიორგი გახარია ჩამორჩება „ქართული ოცნების ბოსებს მინდა ვუთხრა, რომ მათ დიდი ხანია დაღუპვისკენ მიჰყავთ ქართული სახელმწიფო“ – ამას ისე დაბეჯითებით ამბობს, რომ გეგონება სულ რაღაც სამიოდე თვის წინ „ქართული ოცნების“ ნომერ პირველი და ყველაზე „მე თქვენ დაგასრულებთ“ ბოსი ასევე მე ვიყავი… აი, სწორედ ამიტომ გავაერთიანეთ ამ ორი პერსონის მიერ გაკეთებული იდენტური განცხადებები ერთ „ნიუსად“ და რამდენად მართალი ვართ, როდესაც ერთის განცხადებებმა და საქციელმა მეორე მოგვაგონა და პირიქით, ამის შეფასება, უკვე მკითხველს მივანდოთ.