(ირონიუსი!) როგორც ჩანს, უღირს მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, ჩამოვა თუ არა საქართველოს მესამე და ყველაზე მაგარი პრეზიდენტი საქართველოში, დღეიდან დასრულდება. მიშა სააკაშვილი უკვე საქართველოშია და ემზადება კიდეც იმისთვის, რომ ჩვენი ლამაზი სამშობლოს მოღალატეებს ერთხელ და სამუდამოდ ასწავლოს ჭკუა! კერძოდ, სააკაშვილი აპირებს, ქართველ ხალხში საბოლოოდ გაფანტოს შეხედულება, რომ ის მხდალი, მშიშარა, თაღლითი და მატყუარაა. მოგეხსეებათ, ბოლო დროს მისი ოპონენეტები, ანუ საქართველოს ბანდიტი და მაფიოზი ხელისუფლება მას ჭორებს უვრცელებს, რომ თითქოს სააკაშვილი ომის დროს თვითმფრინავის ხმაზე შეშინებული გარბოდა, თითქოს შიშისგან ჰალსტუხს ღეჭავდა და ასე შემდეგ. ესეც არ აკმარეს და ახლა უვრცელებენ ჭორებს, თოთქოს ის ყოველი არჩვენების წინ ჰპირდება ხალხს რომ საქართველოში
ჩამოვალო და მერე აღარ ჩამოდის. და რაც მთავარია, მასზე ამბობენ, რომ ის ხელისუფლების დასამხობად ბრძოლისაკენ სხვებს მოუწოდებს ხოლო თავად იმალება და მზამზარეულზე სურს მოჯდომა. ასევე მას აბრალებენ, რომ ოლიგარქებს და მდიდრებს აკრიტიკებს, ამ დროს კი თავად აქვს მრავალმილიონიანი ქონება. ყოველივე ამისათვის წერტილის დასასმელად, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც იცის ხოლმე, ძალიან ორიგინალური და, როგორც მას ახასიათებს ხოლმე, კრეატიული მეთოდი მოიფიქრა. მოგეხენებათ, მას ძალიან უყვარს ამა თუ ისტორიული გმირისთვის თავის შედარება. იყო დრო, დავით აღამშენებელს ედრებოდა, შემდეგ ცოტნე დადიანს, ახლა კი, მას თურმე აუხირებია – აღამაშენებლობის და ცოტნეობის სიტუაცია არ არის ჩემს ქვეყანაში დღეს, რადგან პუტინისტი ოლიგარქის ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან განდევნას არა ელიტარული წრიდან გამოსული გმირი მეფე ან თავადი, არამედ სახალხო გმირი სჭირდება, ზუსტად ისეთი, როგორიც მე სულის სიღრმეში ყოველთვის ვიყავი და ვარო!
სხვათა შორის, სწორედ ეს დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარზე შემოსვლაშიც. როგორც მისი მტრები ამბობდნენ, ის საზღვარზე კონსპირაციულად გადმოპარვას აპირებდა. ამიტომ მესაზღვრეებს დაურიგეს მიხეილ სააკაშვილის ფოტოები სხვადასხვა შესაძლო კონსპირაციული შენიღბვით. მაგრამ სინამდვილეში სულაც არ მოხდა ასე. პირიქით, იქი ჯიქურ მიეჭრა მესაზღვრეებს, ხელიდან გამოგლიჯა ეს ფოტოები, ხმალი იშიშვლა და შეჰყვირა – „ვის ეძებთ, მოგეცათ ლხენა? – თავად გახლავართ არსენა!“ – ამ შეძახილზე შიშით აცახცახებული მესაზღვრეები დაიფანტნენ და სააკაშვილმა ამაყად შემოაბიჯა მის მიერ დაფუძნებული სახელმწიფოს საზღვრებში! ეს მოხდა დღეს გამთენიისას, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რაც, მოგვიანებით, სააკაშვილის მიერ გავრცელებულმა სელფ-ვიდეოებმაც დაადასტურა, რომლებიც, გარიჟრაჟზე, ბათუმშია გადაღებული. შემდეგ კი, როგორც ჩვენს გმირს ყოველთვის ახასიათებდა, არავითარი დასვენება! იგი პირდაპირ მცხეთაში, არსენა ოძელაშვილის საფლავზე გაემართა და იქ ფიცი დასდო, რომ დღეის ამას იქით, აღარ გაიტაცებს „აღმაშენებლის“ან „ცოტნე დადიანის“ როლები და მსგავსი ელიტარული ფიქრები, ის მუდამ უბრალო ხალხის შემწე და მფარველი იქნება, მდიდარს წაართმევს, ღარიბს მისცემს და საკუთარი ხმლითა და არშინით ივლის ყველგან!
სწორედ ამ დროს მოასმენინეს მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები – „სააკაშვილი როგორც კი საქართველოში შემოდგამს ფეხს, მის დაპატიმრებას, სულ რაღაც 10-12 გამოცდილი პოლიციელი დასჭირებაო“! ამის მოსმენაზე მიშამ ირონიულად ჩაიცინა – „ჰმ! აბა, თუ თორმეტიცა გყავს, ადექ და მომყევ თანაო!“ – შესძახა და ცხენს მათრახი გადაუჭირა! როგორც გვატყობინებენ, საქართველოს მესამე და ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი ამ წუთს, თეთრ ცხენზე ამხედრებული თბილისისაკენ მოემართება. ამის გამგებ ბიძინა ივანიშვილს კი, ნერვიული სტრესი დამართნია, გაქცევა დაუპირებია, მაგრამ აკანკალებული ხელით კარების გაღებას ვერ ახერხებს… ვნახოთ, მოასწრებს თუ ვერა პუტინის მონა ოლიგარქი ფანჯრიდან გადაპარვას.