ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ექიმმა გიორგი ფხაკაძემ კოვიდ-ვაქცინაციასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ როდესაც საქართველოში პანდემიის ე.წ. „მეხუთე ტალღა“ დაიწყება, ძირითადად კოვიდ19-ის ვირუსით დაავადდებიან ის ადამიანები, ვინც ჩინური ვაქცინებით, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ არის აცრილი. ფხაკაძის თქმით, ეს არის იმით გამოწვეული, რომ ჩინურ ვაქცინების აქვთ ეფექტურობის ძალიან ხანმოკლე ვადა. „ამ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 40 დღეში მისი დაცვის უნარიანობა კლებულობს 50 პროცენტით, ხოლო 80 დღეში, ჩათვალეთ, რომ ვაქცინირებული საერთოდ აღარ ხართ“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. მისი თქმით, ეს პროცესი იმუნიტეტს არათუ აძლიერებს, არამედ ასუსტებს კიდეც და ამიტომ „მეხუთე ტალღის“ დროს, ძირითადი მძიმე პაციენტები, სწორედ მანამდე ჩინური ვაქცინებით აცრილები იქნებიან. მისი მტკიცებით, ადამიანებმა მხოლოდ და მხოლოდ „ფაიზერის“ წარმოების კოვიდ-ვაქცინით უნდა გაიკეთონ ორი დოზით აცრა და რამდენიმე თვეში მესამე, ანუ ბუსტერის დოზაც. ამასთანავე უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სხვა რეგულაციები. მხოლოდ ეს არის კოვიდ19-ის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა. იმავე ტელევიზიის ეთერში სტუმრად იყო ცნობილი ქართველი ინფექციონისტი ექიმი მარინა ენდელაძე, რომელიც ჩინურ ვაქცინებთან მიმართებით მთლად ასეთი მკაცრად უარყოფითი დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა, თუმცა, მანაც გამოთქვა ვარაუდი, რომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით შედარებით მცირე ეფექტურობის პერიოდი აქვთ, ვიდრე „ფაიზერის“ ვაქცინას. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვერც ფხაკაძემ და ვერც ენდელაძემ ამის დამადასტურებელი წყარო, ან კონკრეტული კვლევა ვერ დაასახელეს. ფხაკაძემ „არგუმენტად“ მხოლოდ ის დაასახელა, რომ იგი პროფესორია და ერკვევა მსგავს საკითხებში და რაც არ იცის იმისი ლაპარაკით რეპუტაციას არ გაიფუჭებს. სამწუხაროდ, ჟურნალისტს მათთვის არ დაუსვამს შეკითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი საუბარი ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი სწორედ „სინოფარმის“ ვაქცინით არის აცრილი? თუმცა, ჟურნალისტი იქით იყოს და, ვფიქრობთ, აუციელებლია ფხაკაძის ასეთ განცხადებებზე თავისი კომენტარი გააკეთონ ცნობილმა ე.წ.“სამეულმა“, რომლებიც თავის დროზე მოგვიწოდებდნენ, რომ ჩინური ვაქცინები საკმაოდ ეფექტიანი იყო და თითქმის ერთი წლით ინარჩუნებდა კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულებსა და იმუნიტეტს. ნათქვამი იყო ისიც, რომ „სინოფარმი“ ახალ „დელტა-შტამთან“ ბრძოლაშიც ეფექტიანია. ანდა, თუკი ჩინური ვაქცინები მართლაც ასეთი უვარგისია, მაშინ რატომ შემოიტანეს მისი მილიონობით დოზა ქვეყანაში? გვესმის, რომ გიორგი ფხაკაძე ოფიციალური პირი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ როდესაც ნებისმიერი ექიმი ოფიციალურად ტელევიზიით აკეთებს ასეთ განცხადებებს, ამას სახელმწიფომ და შესაბამისმა ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და მინიმუმ, შესაბამისი განცხადებები მაინც გააკეთონ (იხილეთ ვიდეო)