დანაწევრებული „ნაცების“ ყველაზე მსხვილი წარმონაქმნის, პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ უარი თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების მოთხოვნით გასამართ აქციაში მონაწილეობაზე. ბოკერია აცხადებს, რომ ეს არის კონკრეტული ლიდერის მხარდასაჭერი აქცია და არა რაიმე სერიოზული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი პროტესტი. ამასთანავე, მისი თქმით, ნიკა მელია, თაკო ჩარკვიანი და სხვები ქმნიან არასწორ მოლოდინებს, რომ თითქოსდა, საპროტესტო აქციების შედეგად გათავისუფლდება მიშა სააკაშვილი, ხოლო ეს თავის მხრივ, წარმოშობს პროცესებს, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლას განაპირობებს. სინამდვილეში ეს ასე არაა და პირიქითაა – მიაჩნია გიგა ბოკერიას. „ბიძინა ივანიშვილის წასვლამ უნდა გაათავისუფლოს ციხიდან მიშა სააკაშვილი და არა მიშას გამოშვებამ გაუშვას ხელისუფლებიდან ბიძინა“ – ასეთი, ერთი შეხედვით ჩახლართული “ორნაცნობიანი განტოლება”
შესთავაზა გიგა ბოკერიამ თავის მხარდამჭერებს. ანუ, მას მიაჩნია, რომ თუკი ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება, მაშინ სააკაშვილს ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლა არ უწერია. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, ჯერ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ მეორე ტურებში გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატებმა მოიპოვონ, შემდეგ უნდა მოხდეს ივანიშვილის ჩამოშორება პოლიტიკიდან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გამოყვანა ციხიდან, ამიტომაც, ახლა მთლიანად ამაზე უნდა იქნეს ყურადღება გადატანილი და არა რაღაც კონკრეტულ აქციებზე.
ალალად რომ ითქვას, ბოკერია, ლოგიკურად, სადღაც მართალია. თუმცა, ისიც სიმართლეა, რომ გიგა ბოკერია, თუ სიმართლეზე და სამართალზეა საუბარი, მიშა სააკაშვილის ციხიდან გამოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ თავადაც მის გვერდით უნდა იჯდეს და საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნას წერდეს…