მსოფლიო პანდემია პიკზეა და საქართველო ამ კუთხით კვლავ ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ამ ფონზე სრულიად მოულოდნელი იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომ უახლოეს დღეებში, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ კლებას და პანდემიის მაჩვენებლის გაუმჯობესებას ელოდებიან. კიდევ უფრო უცნაური იყო ის ამბავი, რომ დილით მინისტრის მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, საღამოს სრულიად საპირისპირო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყანაში კვლავ კატასტროფული ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელია და უახლოეს დღეებში ინფიცირების შემთხვევების ისევ მკვეთრი ზრდა ივარაუდა. ფაქტია, რომ მინისტრი და მთავარი ინფექციონისტი, ერთმანეთთან უთანხმოებაში არიან. ჯანდაცვის სფეროს მუშაკების აზრით, ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი დიდი წინასაარჩევნო შეკრებაა. მმართველი პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ და თვითთმართველობის არჩევნებისათვის მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან ე.წ. „შემაჯამებელი შეხვედრა“ გამართონ. მოგეხსენებათ, აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მსგავსი ქუჩის აქციის დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ადამიანების შეკრება უკიდურესად საშიშ ეპიდვითარებას კიდევ უფრო გააუარესებდა. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს დასჭირდათ ერთგვარი „საინფორმაციო მხარდაჭერა“ და ამ მიზნით ათქმევინეს ჯანდაცვის მინისტრს სიცრუე, თოთქოსდა ეპიდვითარება გარკვეულწილად უმჯობესდება. სამაგიეროდ, როგორც ყოველთვის, პრინციპული პოზიცია გამოიჩინა თენგიზ ცერცვაძემ და მან უარი უთხრა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ტყუილის
თქმაზე. ზოგადად, ფაქტია, რომ ეპიდვითარება, რომელიც ჯერ კიდევ გუშინწინ ექიმებს შეფასებული ჰქონდათ როგორც „კატასტროფული“, ასე უცებ, მაინცადამაინც 27 ოქტომბრისთვის, უეცრად სასიკეთოდ ვერ შეიცვლებოდა და მინისტრის განცხადება მართლაც ძალიან საეჭვოა.