„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელიც, ძირითადად თავისუფლების მოედანზე 27 ოქტომბერს გასამართ ე.წ. „პარტიის წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრას“, უფრო სწორად კი, ქუჩის აქციას ეხებოდა. თუმცა ჩვენი ყურადღება, პაპუაშვილმა სულ სხვა განცხადებით მიიქცია. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვამ, თუ რა აზრის იყო იგი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას პროექტზე, რომელიც დედაქალაქის სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვებას ეხება, პარლამენტარი პაპუაშვილი გაღიზიანდა და უპასუხა, რომ ეს არის პოპულიზმი და თანაც ამაში ახალი არაფერია. „ნიკა მელია და ნაციონალური მოძრაობა პოპულისტური
პროგრამების მოპარვით და გამეორებით არიან დაკავებული. ზუსტად ეს სკოლებში უფასო კვების პროგრამა წინა არჩევნებზე ლეიბორისტებს ჰქონდათ. პოპულისტი შალვა ნათელაშვილის უტოპიური იდეების მოპარვა დაიწყეს ნაციონალებმა. ეს პროგრამა უბრალოდ ვერ განხორციელდება. მისი პრაქტიკაში დანერგვა შეუძლებელია“ – თქვა პაპუაშვილმა. სინამდვილეში, პარლამენტარის განცხადება მხოლოდ ნაწილობრივ შეიცავს სიმართლეს. ანუ, ეს განცხადება სწორია მხოლოდ იმ ნაწილში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვისი პროექტის მითვისება მართლაც დაიწყო. მეორე ნაწილს რაც შეეხება, ეს პროექტი 2020 წლის არჩევნებზე არა „ლეიბორისტებმა“ და შალვა ნათელაშვილმა, არამედ „პატრიოტთა ალიანსმა“ და ირმა ინაშვილმა წარადგინა. თანაც, აქ „უტოპიური“ და „განუხორციელებელი“ არაფერია. სხვა საქმეა ის, რომ ნიკა მელიამ ეს ბევრისთვის მომხიბლავი პროექტი, უბრალოდ, პოპულისტურად, სიღრმეებში ჩაუხედავად, მხოლოდ ზედაპირულად გაიმეორა და მარტო ამომრჩევლის ბრმად მიზიდვის მიზნით გამოიყენა. ირმა ინაშვილს კი, „სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების“ პროექტი სრულიად კონკრეტული ეკონომიკური და ტექნიკური გათვლებით ჰქონდა წარმოდგენილი.