ამ დღეებში, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გარდა, კიდევ ერთ „დიდ ქართველს“ მიეცა ისტორიაში ოქროს ასოებით შესვლის შანსი. ეს გახლავთ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას ამ შანსს მომღერალი აჩიკო გულდანი და ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შვილი სოფო ჭყონია აძლევენ. ამისათვის კი, თურმე ძალიან მარტივი რამეა საჭირო – მოქმედმა პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტი უნდა შეიწყალოს!
„სალომე ზურაბიშვილს აქვს უნიკალური შანსი და მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს განმუხტავს ყველაფერს და ქალბატონი სალომე დადებითად დაამახსოვრდება ყველას“ – აცხადებს არჩილ გულედანი. დაახლოებით ამავე აზრზეა სოფო ჭყონიაც – „სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, საქართველოს ისტორიაში შევიდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პრეზიდენტი, თუკი ის მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ქვეყანა არ ვითარდება და არასტაბილურია. ამ ვითარებას მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლება დაასტაბილურებს. მან ეს გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მიიღოს“ – ასეთია ჭყონიას პოზიცია.
თუმცა, ვერც ერთი მათგანი ვერ ითმენს, რომ იქვე მიშას „წამებულობას“ არ გაუსვან ხაზი. „მიხეილ სააკაშვილის საქმე გასცდა მართლმსაჯულების სივრცეს და ის არის პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი“ – აქ ცალ-ცალკე ციტატების მოყვანას აზრი არ აქვს, რადგან ჭყონიაცა და გულდანიც დაახლოებით ერთნაირად აფასებენ პატიმარ პრეზიდენტყოფილის მდგომაროებას. სალომე ზურაბიშვილს გულედან-ჭყონიასთვის ოფიციალური პასუხი არ გაუცია.