საქართველოს ყოფილი მეოთხე პრეზიდენტი მის წინა ორ პრეზიდენტს იხსენებს და მათ დღევანდელ პრეზიდენტთან და ზოგადად დღევანდელ ხელისუფლებასთან ადარებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს ის აქვთ საერთო, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული ხედვები და პროგრამები. დღევანდელ ხელისუფლებას კი, მსგავსი არაფერი გააჩნია. „შევარდნაძეს ჰქონდა გარკვეული ხედვა. სააკაშვილს შეიძლება ყველაფერი დააბრალო, მაგრამ ხედვების ნაკლებობას ნამდვილად ვერ დააბრალებ. აი, დღევანდელ ხელისუფლებაში ასეთს ვერაფერს ვხედავ“- განაცხადა მარგველაშვილმა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თუკი ზოგადად „დღევანდელ ხელისუფლებაში“ ბატონი მეოთხე პრეზიდენტი პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მოიაზრებს, მაშინ მას ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ. ივანიშვილს რომ სწორი და ნორმალური ხედვები ჰქონოდა, მაშინ ის გიორგი მარგველაშვილს თავის დროზე პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაასახელებდა და მას სულ ძალისძალად არ შეტენიდა ქართველ საზოგადოებას პრეზიდენტის პოსტზე. აკი, სწორედ მარგველაშვილის ლამის ჩავარდნილ არჩევნებს უკავშირდება ფაქტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იმდენად განაწყენდა ქართველ ამომრჩეველზე დასახელებული კანდიდატისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო, რომ პირდაპირ განაცხადა – თუ მარგველაშვილს ხმას არ მისცემთ, მე ამას ხალხის მიერ ჩემს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვლი და პოლიტიკიდან საერთოდ წავალო. სწორედ „ბიძინას გაბუტვის“ შიშით მისცა მაშინ ხმა ამომრჩეველმა გიორგი მარგველაშვილს. აქვე ისიც სათქმელია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მთლიანი მოსახლების რეკორდულად დაბალმა, 46-მა პროცენტმა მიიღო.