საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მორიგი არჩევნები, საჯარო რეესტრმა ისევ სიურპრიზით დაასრულა. კერძოდ, უწყებამ, არც ამჯერად გაატარა რეგისტრაციაში არჩეული პრეზიდენტი და როგორც ჩანს, ქართული რაგბი, კიდევ გარკვეულ ხანს უპატრონოდ იქნება. რამდენიმე თვის წინ ზუსტად იგივე დაემართა იმ არჩევნების შედეგებით გამარჯვებულ პრეზიდენტს, ნაკრების ყოფილ მორაგბეს ირაკლი აბუსერიძეს. იგი რეგისტრაციაში მაშინაც საჯარო რეესტრმა არ გაატარა.
ამ უწყებამ ახლაც იგივე გააკეთა და კვლავ რაგბის კავშირის არჩეულ პრეზიდეტს უთხრა უარი რეგისტრირებაზე, ოღონდ, ამჯერად სოსო ტყემალაძეს. აქ არ ჩამოვთვლით იმ იურიდიულ ნიუანსებს, რის საფუძველზეც შეუჩერა რეგისტრაცია საჯარაო რეესტრმა გინდ ირაკლი აბუსერიძესა და გინდ სოსო ტყემალაძეს. მხოლოდ ერთს ვიტყვით, რომ ყოველივე, რაც ხდება ქართული რაგბის განვითარებისთვის ძალიან ცუდია. აქვე, სათქმელია ისიც, რომ ორივე კონკურენტი „ქართული ოცნების“ ბანაკიდანაა და ეს კიდევ უფრო გაუგებარს ხდის მათ შორის ასეთ დაუნდობელ ქიშპს, რაც არაერთხელ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. როგორც ამბობენ, ირაკლი აბუსერიძე კახა კალაძის გარემოცვისთვის სასურველი კანდიდატია, ხოლო სოსო ტყემალაძე უშუალოდ ივანიშვილების ოჯახთან არის დაახლოებული და ბიძინა ივანიოშვილის დაფინანსებით აშენებულ რაგბის სტადიონებსა და ინფრასტრუქტურასაც, სწორედ ტყემალაძე უწევდა მეთვალყურეობას. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ქართული ზოგადად რაგბისთვის ამ ყველაზე გარდამტეხ ეტაპზე, რაგბის კავშირში და სარაგბო სამზარეულოში ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის დამაზიანებელი განუკითხაობა და ურთიერთქიშპია.