ინტერნეტის საშუალებით მთელი მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ადის თვითმფრინავის ტრაპზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიდრე სალონამდე ააღწევდეს, ტრაპის კიბეზე სამჯერ ეცემა. საბოლოოდ ბაიდენმა მოახერხა სამჯერვე წამოდგომა და ტრაპის ზედა ბოლოში ააღწია.იქ შემოტრიალდა, ქვემოთ დარჩენილებს სამხედრო სალამი მისცა, შემდეგ შეტრიალდა და თვითმფრინავის სალონში სწრაფი ნაბიჯებით გაუჩინარდა. რატომ დავარდა ბაიდენი სამჯერ თვითმფრინავის ტრაპზე, ამაზე პასუხი არავის აქვს. „ბიესინფომ“ კი მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, იმის დასამტკიცებლად, რომ ამერიკის პრეზიდენტის წაქცევა რუსეთის პრეზიდენტის ბრალი იყო. კონკრეტულად, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს ახალი სნაიპერული იარაღით ესროლა, თუმცა სასიკვდილოდ ვერ მოარტყა, რადგან მას სროლა საკმაოდ შორი მანძილიდან უწევდა. ვარაუდობენ, რომ პუტინი ამერიკაში დონალდ ტრამპის ნიღბით შეიპარა, ბაიდენს ესროლა და უკან გამოიპარა. ეს იყო შურისძიება იმის გამო, რომ ბაიდენმა პუტინს რამდენიმე დღის წინ „ქილერი“ ანუ „მკვლელი“ უწოდა. იმასაც ამბობენ, რომ პუტინს მართლაც შეეძლო ბაიდენის მოკვლა, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა და მხოლოდ გამაფრთხილებელი გასროლებით შემოიფარგლა.