დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის განცხადებები გაკეთეს მედიასთან საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა. საქმე ეხება იმას, უნდა დაინიშნოს თუ არა საქართველოში რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ვერ გეტყვით, რომელს მოუვიდა თავში პიორველს ეს აზრი კრამერს, ბოკერიას თუ სულაც ჩერგოლეიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ თავებში ზუსტად ერთი და იგივე აზრები და ფრაზები ტრიალებს, ან, შეიძლება, ონლაინში აქვთ ერთად გავლილი ეს თემა. მხოლოდ ორი-სამი სიტყვის აცდენით, მათი ნათქვამი ძირითადი ფრაზის შინაარსი ასეთია – „საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა იწვალოს ევროკავშირმა და დასავლეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების მიზანია, საქართველოში ეს საკითხი ისე გადაწყდეს, როგორც სურს პოლიტიკური პარტიების უმნრავლესობას“ – მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, ან თუ გნებავთ კრიზისზე ათასნაირი მსჯელობიდან, სწორედ ეს ფრაზაა ყველაზე საინტერესო.
![](https://bsinfo.ge/wp-content/uploads/2021/03/boker-kramer-mza-300x161.jpg)
ჯერ ერთი, საკითხავია, რატომ უნდა გადაწყდეს რაიმე საკითხი ისე, როგორც ეს პარტიათა უმრავლესობას სურს? იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ლამის 5 სხვადასხვა პარტიად არის დაშლილი, ხოლო დანარჩენი „პარტიუკები“ მათგან მოსყიდულები არიან? ამ ლოგიკით, „ქართულ ოცნებას“ დღესვე შეუძლია დაიშალოს ათობით პატარა „პარტიუკად“ და მერე ვთვალოთ, ვის უფრო მეტი პარტია ჰყავს ბაგაზე დაბმული მიშას თუ ბიძინას?
მეორე და მთავარი – კრამერსაც და ალბათ, ბოკერიასაც ავიწყდება, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ძალაუფლების წყარო არის ხალხი და არა გინდ დიდი და გინდ პატარა პოლიტიკური პარტიები. ასე რომ, ბატონებო, იქნებ ის გეთქვათ, რომ რიგგარეშე თუ ვადამდელი თუ როგორც თქვენ გნებავთ ისე უწოდეთ – არჩევნები საქართველოში გაიმართოს თუ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს სწორედ ხალხის უმრავლესობამ და არა პარტიების უმრავლესობამ – როგორ ფიქრობთ, ასეთი ფორმულირება უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, დასავლური და ამერიკული ხომ არ იქნებოდა?