ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერისა და მიშა სააკაშვილის მეხოტბის – პაატა (პეტრე) ცაავას სკანდალური განცხადებებით, ყოფილი პრემიერის მომხრეები და მეხოტბეები, რატომღაც, არ დაინტერესებულან. არადა, წესით, ვისთვისაც გიორგი გახარია დღემდე „ნაცების დამამთავრებლად“ მოიაზრება, მათთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს პეტრე ცაავას ეს განცხადებები. „მე მიმაჩნია, რომ გიორგი გახარია არის მსხვერპლი. მას თავის თავზე ააღებინეს 20 ივნისის ამბები. ის იძულებული იყო ეს გაეკეთებინა“ – ცაავას მხრიდან გახარიას ასეთი გულმხურვალე დაცვა ბუნებრივ ეჭვებს ბადებს საქართველოს ყოფილი პრემიერის ირგვლივ, მაგრამ ის,
რაც ყოფილი მეუფის საუბრიდან შემდეგ გახდა ცნობილი, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ეჭვებსაც აღარ ტოვებს. პეტრე ცაავამ პირდაპირ აღიარა, რომ გიორგი გახარიამ მარტვილის მერის პირველი მოადგილე მისი თხოვნით და რეკომენდაციით დანიშნა. „დიახ, ალექსანდრე ხურცილავა ჩემი კადრია და ის სწორედ ჩემი და გახარიას შეხვედრის შემდეგ დაინიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტში მერის პირველ მოადგილედ, მე ეს მჭირდებოდა“ – განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა. ასევე გაირკვა, რომ გიორგი გახარია და მაშინ ჯერ კიდევ მიტროპოლიტი პეტრე საიდუმლოდაც ხვდებოდნენ ერთმანეთს და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, სწორედ 20 ივნისის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა და მათ მარიხუანის საკითხზე ისაუბრეს.
ყოველივე აქედან, ძალიან მარტივად შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რა მისიით მოქმედებდა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ წიაღში. ამ ამბების გახმაურების შემდეგ, საინტერესოა იმათი აზრებიც, ვინც ყოფილ მეუფე პეტრე ცაავას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს, მას „ნაცების მეუფეს“ უწოდებს, ხოლო ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიას აქებს, ადიდებს და „ნაცების დამასრულებლად“ მიიჩნევს. მათ, ვინც გიორგი გახარიას „მესამე ძალას“ აღფრთოვანებული ელოდება, ნუთუ არაფერს ეუბნება მისი ასეთი ახლო და საიდუმლო კონტაქტები იმ „მეუფესთან“, ვინც საქართველოს პატრიარქს მამათმავლობას აბრალებს?.. და თუ ეს ყოველივე ასე არ არის, და ვინმე ამას გახარიას მიზანმიმართულ დისკრედიტაციად გაასაღებს, მაშინ გამოვიდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და განაცხადოს, რომ ყოფილი მიტროპოლიტი იტყუება! ასევე, შეუძლია ბატონ ალექსანდრე ხურცილავას გამოვიდეს და თქვას, რომ ის არ იყო მარტვილის მერიაში მიტროპოლიტ პეტრე ცაავას კადრი. ჯერ-ჯერობით ყველა დუმს. ველოდებით…