„უკვე გადავდივართ აქტიური მოქმედების რეჟიმში, ჩვენ ყვავ-ყორნების გასაგლეჯი სამშობლო არ გვაქვს“ – წერს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში. ინაშვილის ეს განცხადება, ძირითადად, ეხება ქართულ პოლიტიკაში არსებულ სიტუაციას, პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს, რომლებსაც თავად პატრიოტების ლიდერი „ათას ტოტზე გადამხტარ პოლიტიკურ ყვავებსა და ყორნებს, მატყუარა, სინდისისგან დაცლილ ტურებს“ უწოდებს.
ირმა ინაშვილის კონკრეტული გეგმები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, ფაქტია, რომ მას უკვე მერამდენედ, შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაში მოუწევს ბრძოლის გაგრძელება. სააკაშვილამდელი, სააკაშვილის დროინდელი და სააკაშვილის შემდგომი პოლიტიკური რეალობებიც, საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც დღეს არის. ჯერ ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა, შემდეგ უკვე გიორგი გახარიას პოლიტიკაში ცალკე მოთამაშედ მობრუნება, ეჭვგარეშეა, მეტ-ნაკლებად ცვლის აქამდე არსებულ პოლიტიკურ ბალანსს. სად ხედავს ამ ახალ „პოლიტიკურ ბალაგანში“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საკუთარ თავს, როგორ წარმოუდგენია ამ პარტიის ლიდერს მომდევნო არჩევნებში თავისი „წილი“ პროცენტები, ჯერ-ჯერობით, ინაშვილს ამაზე კონკრეტული არაფერი უთქვამს. არც ისაა ცნობილი, აპირებს თუ არა ის ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში მონაწილების მიღებას. თუმცა, მისი განცხადება სოიციალურ ქსელში მკვეთრად ოპტიმისტურია – „გავიარე ფიქრის დრო, გავიარე დაკვირვების დრო, გავიარე დიდი ღალატის მიღების დრო, გავიარე აღმოჩენების დროც და მწყობრშიც ვარ! და ბრძოლისთვისაც მზად ვარ! მალე საქართველოს პატრიოტთა ალიანსი საზოგადოებას ჩვენი მოქმედების გეგმას გააცნობს“ – წერს ირმა ინაშვილი.