თურქეთი ოკუპირებულ ქართულ მიწებზე სწუხს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელშეუხებლად მიიჩნევს

თურქეთი ოკუპირებულ ქართულ მიწებზე სწუხს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელშეუხებლად მიიჩნევს

ანტალიაში გამართულ საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აზერბაიჯანის, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ კონფლიქტებს. ერდოღანის თქმით, თურქეთი ყველაფერს იღონებს ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად და თავის ძმებს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და უკრაინას ყველანაირად დაუდგება გვერდით. საქართველოს ამ ფორუმზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარმოადგენდა. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მყარი მხარდამჭერია. „თურქეთს პრეზიდენტის მხრიდან მოხდა საჯარო გაჟღერება იმისა, რომ თურქეთისთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ერდოღანმა ჩვენ მოგვიხსენია, როგორც თურქეთის ძმები“ – ამაყად განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. რამდენად მისაღებია დავით ზალკალიანიასა და ზოგადად საქართველოს როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის ეს აღფრთოვანებები იმის გამო რომ თურქეთი თურმე „ძმებს“ გვიწოდებს, ეს კიდევ სხვა საკითხია. მთავარი ტრაგიკომედია ისაა, რომ თურქი პოლიტიკოსები ასეთ „წუხილს“ გამოთქვამენ საქართველოს ტერიტორების უცხო ქვეყნისგან მითვისების გამო. იყო დრო, „ჩვენი ძმა“ არა სამხრეთით, არამედ ჩრდილოეთით მდებარე ჩვენს მეზობელს ერქვა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების სხვა ქვეყნისაგან მითვისების გამო ისინიც წუხილს გამოთქვამდნენ ხოლმე… ნეტავ რომელი იყო ეს ქვეყანა? მაშინ საქართველოს მზეც ჩრდილოეთდან ამოდიოდა, ახლა კი, როგორც ჩანს, უკვე სამხრეთდან ამოდის… ტერიტორიებს რაც შეეხება, სამხრეთით დაკარგულ საქართველოს ტერიტორიებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები განიცდიან ნამეტარი, ჩრდილოეთით დაკარგულ საქართველოს ტერიტორიებზე კი სამხრეთელი მეზობლები სწუხან.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *